English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ იოსებ ხელაშვილი
ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმდინარე გამოწვევები საქართველოში

საქართველოს ეკონომიკა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმის მიმართულებაზე, მოექცა როგორც „პანდემიის“ გლობალური კრიზისის, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენის ქვეშ. ამის ფონზე, მოცემული კვლევის კონკრეტული მიზანია საქართველოში უცხოური ტურიზმის, როგორც ეკონომიკური მიმართულების მდგრადი განვითარების საკვანძო გამოწვევების გამოვლენა, რაშიც ყურადღება გამახვილებულია ტურიზმთან ასოცირებულ მაკროეკონომიკურ ასპექტებზე.
„პანდემიის“ გავრცელების პერიოდის შესწავლამ აჩვენა, რომ ტურიზმის ბიზნესის შენარჩუნებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებებმა, თუმცა, ამის მიუხედავად, ტურიზმმა განიცადა ყველაზე დიდი ზარალი, რაც აისახა ქვეყნის ეკონომიკაზეც.
„სანქციების“ გავრცელების პერიოდში ადგილი ჰქონდა ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფ ზრდას, მათ შორის ომში ჩართული ქვეყნებიდან. ამასთან, მათ ჩამოსვლებს წინ უსწრებდა ამავე ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების იმპულსური მატება, რაც ბადებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ვიზიტების მნიშვნელოვანი ნაწილის იმპულსური ზრდა განპირობებულია უფრო საკუთარი ქვეყნიდან გასვლის მოტივაციით, ვიდრე მოგზაურობის ქვეყნის მიმზიდველობით, რაც გასათვალისწინებელია ტურიზმის მდგრადი განვითარების პოზიციებიდან. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ აღნიშნულმა წინასწარ გზავნილებმა სტიმულირება გაუწია, ერთი მხრივ, გლობალური პროცესებით განპირობებულ ინფლაციის ზრდას, ხოლო მეორე მხრივ - გაცვლითი კურსის დასტაბილურებას განხილულ პერიოდში.
კვლევა მიუთითებს, რომ ტურისტთა რაოდენობის შედარებით სწრაფი მატება საქართველოში არ არის მხოლოდ ტურიზმის ბიზნესის გააქტიურების დამსახურება, რაც ზრდის ამ დარგის მდგრადი განვითარების სწორი სტრატეგიის არჩევის აქტუალურობას.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, უცხოური ტურიზმი, პანდემია, სანქციები, კრიზისი, მდგრადი განვითარება

შესავალი


კოვიდ-19 პანდემიით (შემდგომში - „პანდემია“) გამოწვეულმა გლობალურმა ლოკდაუნმა და უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ მიღებულმა სანქციებმა (შემდგომში - „სანქციები“) მნიშნელოვანი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და წარმოქმნა სტრესული ეკონომიკური პროცესები (IMF, 2022; WB, 2022). განსაკუთრებული ზარალი განიცადა სამოქალაქო საერთაშორისო ტრანსპორტის, სასტუმროების, კვების, საცალო ვაჭრობის და მომარაგების სფეროებმა, ხოლო სატვირთო გადაზიდვების, სასურსათო, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა - სანქციების დაწესების შედეგად (Global Market Intelligence, 2022). აღნიშნულმა პროცესებმა გამოიწვია მაკროეკონომიკური ცვლილებები, რაც გამოიხატა ინფლაციის სწრაფ ზრდაში და ზოგადად გლობალური „ეკონომიკის არქიტექტურის“ ცვლილებების დაწყებაში (Papava 2022 a).
განვითარებული პროცესები პირდაპირ და ირიბად უკავშირდება ტურიზმის კომპლექსურ სფეროს, რომელიც გამოირჩევა ფართო დარგთაშორისო ეკონომიკური კავშირებით. ტურიზმის ინდუსტრიამ განსაკუთრებული ზარალი განიცადა „პანდემიის“ კრიზისის პირობებში, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ დასაბამი მისცა ამ სფეროში რისკების მატარებელი პროცესების წარმოქმნას.
საქართველოს ეკონომიკა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმის მიმართულებაზე, ასევე მოექცა როგორც „პანდემიის“ გლობალური კრიზისის, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენის ქვეშ. წარმოქმნილი და მიმდინარე პროცესების შესწავლა გახდა აქტუალური როგორც პრაქტიკული, ასევე მეცნიერული თვალსაზრისით.
მოცემული კვლევის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს საქართველოში უცხოური ტურიზმის, როგორც ეკონომიკური მიმართულების მდგრადი განვითარების საკვანძო გამოწვევების გამოვლენა, რაშიც ყურადღება გამახვილებულია მაკროეკონომიკურ ასპექტებზე. ამ მიზნით, განხილულია ქვეყნაში უცხოური ტურიზმის განვითარების პირობები და თავისებურებები 2019 წლიდან, გაანალიზებულია ტურიზმის სფეროში გამოკვეთილი თავისებურებების კავშირი ქვეყნის საკვანძო ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, რის შედეგადაც წარმოდგენილია მოსაზრებები ტურიზმის მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მიმართულებებზე.

 

ტურიზმის განვითარების თავისებურებები 2019-2022 წლებში.

მდგრადი განვითარების კონცეპციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი გულისხმობს დაინტერესებული მხარეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მოტანას და სამართლიან განაწილებას, მათ შორის სტაბილური დასაქმებისა და შემოსავლის წყაროების შესაძლებლობების შექმნით, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მომსახურების განვითარებით და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობით (Sustainable Development, UNWTO). დანარჩენი ორი პრინციპი ორიენტირებულია სოციალური და ბუნების დაცვის ღირებულებებზე და სამივე მათგანი განიხილება ერთიანი კონცეფციის ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტად.
მდგრადი განვითარების მიმდინარე გამოწვევები გამოირჩევა მნიშნელოვანი თავისებურებებით. დროის ჭრილით, ეს გამოიხატება ორი რადიკალურად განსხვავებული მიზეზით წარმოქმნილი სტრესული პერიოდის თანამიმდევრული განვითარებით. იგულისხმება 2019 წლის ბოლოდან ბიოლოგიური წარმოშობის პანდემიის გლობალური კრიზისი, რომელსაც 2022 წლის აპრილიდან მოჰყვა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური სანქციების გავრცელება. სივრცით განზომილებაში, აღსანიშნავია სტრესული პროცესების გლობალური გავრცელება, რაც ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში თუ რეგიონში ვლინდება ლოკალური თავისებურებების პირობებში და იძენს ე.წ. „გლოკალურ“ ხასიათს - გლობალური მოვლენების ლოკალურ ასახვას. (Khondker, 2005). მესამე თავისებურება უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების კომპლექსურობას, რაც მდგრადი განვითრების სტრატეგიულ მიზნებს აყენებს გამოწვევების ფართო სპექტრის წინაშე.
აღნიშნულმა პროცესებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები, რაც გამოიხატა ინფლაციის სწრაფ ზრდაში და ზოგადად გლობალური „ეკონომიკის არქიტექტურის“ ცვლილებების დაწყებაში (მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილება და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები. 2022). განსაკუთრებული ზარალი განიცადა სამოქალაქო საერთაშორისო ტრანსპორტის, სასტუმროების, კვების, საცალო ვაჭრობის და მომარაგების სფეროებმა „პანდემიის“ კრიზისის პერიოდში, ხოლო სატვირთო გადაზიდვების, სასურსათო, ენერგო და სხვა სექტორებმა - ომის საპასუხოდ იძულებით მიღებული სანქციების შედეგად. (Global Market Intelligence, 2022). განვითარებული ცვლილებების მნიშვნელობამ და სპეციფიკამ განაპირობა შესაბამისი ტერმინების გაჩენა და პოპულარიზაცია, როგორიცაა - „კორონომიკა“ (Coronomika) (პაპავა, 2020; Papava, Chkuaseli, 2021; თეთვაძე, 2021) და “სანქციონომიკა“ (Sanctionomics) (პაპავა 2022 b;).
ტურიზმის გლობალურმა ინდუსტრიამ, როგორც ეკონომიკის შემადგენელმა მიმართულებამ და გამორჩეულად ფართო დარგთაშორისი კავშირების მატარებელმა სფერომ, განიცადა დიდი ეკონომიკური ზარალი „პანდემიის“ კრიზისის დროს და გამოავლინა ცვლილებები მომდევნო პერიოდში საერთაშორისო „სანქციების“ გავრცელების შედეგად. ამ პროცესებმა თავი იჩინა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაშიც, რომელზეც მნიშვნელოვნად არის ორიენტირებული ქვეყნის ჯერ კიდევ ნაკლებად დივერსიფიცირებული ეკონომიკა. კერძოდ, 2019-2020 წლების პერიოდში ტურიზმის მთლიანი წილი ქვეყნის მშპ-ში შემცირდა 27.3%-დან 6.6%-მდე, მთლიან დასაქმებაში 29.4%-დან - 17.8%-მდე და ექსპორტში - 38.8%-დან 20.2%-მდე. (www.wttc.org. Georgia) (იხ.ნახ.1)

ნახაზი 1.

საქართველოში ტურიზმის განვითარების თავისებურებების ანალიზი ეკონომიკურად სტრესულ პერიოდებში

მოცემული კვლევის მიზნებისათვის ეკონომიკურად „სტრესულ“ პერიოდებში იგულისხმება „პანდემიის“ და „სანქციების“ გავრცელების 2020-2022 წლები. „სტრესულ“ პერიოდებში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების თავისებურებების გამოსავლენად ჩავატარეთ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი. აღებული წლების მონაცემები მოიცავს ძირითადად სამ მონაკვეთს - „სტრესების“ დაწყებამდე ხელსაყრელ პერიოდს (2018-2019 წწ); „პანდემიის“ გავრცელების პერიოდს შესაბამისი შეზღუდვების მოხსნამდე (2019/2020- 2022 წწ. მარტ/აპრილი) და რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების გავრცელების პერიოდს (2022 წლის აპრილიდან) (იხ.ნახ.2). შევნიშნავთ, რომ „პანდემიამდე“ პერიოდის მონაცემები გამოიყენება მხოლოდ „სტრესულ“ ვითარებებში გამოვლენილი ცვლილებების შედარებითი ანალიზის მიზნებისათვის.
შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად გამოყენებულია შემდეგი მონაცემები: უცხოელ ტურისტთა ვიზიტების რაოდენობა და მათი ხარჯები, ადგილობრივ ტურისტთა რაოდენობა და მათი ხარჯები, ასევე განხილულია „პანდემიის“ პერიოდში განხორციელებული ზომები ტურიზმის ბიზნესის დასახმარებლად.

ნახაზი 2.

„პანდემიის“ გავრცელების პერიოდი
მოცემული კვლევის მიზნებისათვის ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა შემდეგი თავისებურებები და გამოწვევები „პანდემიის“ გავრცელების პერიოდში:

ნახაზი 3

საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება დაიწყო 2020 წლის მარტიდან, გლობალური პანდემიის კრიზისის გამოცხადებისთანავე. წინა წლის ამავე თვის მონაცემთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა შემცირდა 57%-თ. 2020 წლის აპრილიდან 2021 აპრილამდე, უცხოელ ტურისტთა საშუალო თვიური მაჩვენებელი, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16-ჯერ არის შემცირებული (იხ. ნახ.2) (https..geostat.ge; https.gnta.ge)
• პანდემიის პერიოდში უცხოელთა ვიზიტების არსებითი შემცირება, უმნიშვნელოდ ჩანაცვლდა ადგილობრივი და ნაკლებად გადახდისუნარიანი ტურისტებით. ადგილობრივ ტურისტთა რაოდენობამ 2021 წელს მოიმატა 27.3%-ით 2020 წელთან შედარებით. ამ ჩანაცვლების ეფექტი უფრო გამოვლინდა გარეუბნებში, კახეთისა და აჭარის რეგიონებში. (თიბისი, 2022). შესაბამისად, მდგრადობის კონტექსტით უცხოური ტურიზმის ამ სეგმენტით ნაწილობრივმა ჩანაცვლებამ უმნიშვნელო ეფექტი გამოიღო. აღსანიშნავია, რომ გაცილებით მეტი სარგებელის მოტანის პოტენციალი გააჩნია იმ ადგილობრივი მოსახლეობის სეგმენტს, რომელიც მგზავრობს დასასვენებლად და სამოგზაუროდ უცხოეთში. მოძიებული სტატისტიკური მონაცემებით (https.geostat.ge), 2019 წელს, მათ მიერ გაწეული საშუალოთვიური ხარჯები - $311 მოგზაურზე, თითქმის უტოლდება უცხოელ ტურისტთა საშუალო ხარჯებს საქართველოში, რომელიც შეადგენს $390.8 მოგზაურზე. ამ პოტენციალის გამოყენება უკავშირდება ადგილობრივი დასასვენებელი ადგილების უცხოეთში პოპულარულ მსგავს დესტინაციებთან კონკურენციაში შესვლას;
• ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს, შემცირდა 83.4%-ით, ხოლო 2021 წელს 61.9%-ით (https://gnta.ge/) . ამან ზეგავლენა იქონია ტურიზმის შენატანზე მშპ-ში, დასაქმების შემცირებასა და საექსპორტო შემოსავლებზე, ე.წ. „უხილავი ექსპორტის“ სახით (იხ. ნახ.1);
• „პანდემიის“ კრიზისის პიკურ მონაკვეთში სასტუმროების ნაწილმა შეინარჩუნა ფუნქციონირება იზოლაციაში მყოფ პირთა მომსახურებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო 86 სასტუმროში, სადაც 4663 ადამიანი განთავსდა. სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში 2466 ადამიანი იყო დასაქმებული (GNA,2020).
• „პანდემიის“ კრიზისის დროს ტურიზმის სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა, გახდა სახელმწიფო დახმარების მიმღები სფერო. ამ მიზნით სახელმწიფომ გამოყო 200 მლნ ლარზე მეტი. დახმარებები ითვალისწინებდა შემდეგ შეღავათებს: გადასახადებიდან გათავისუფლება/გადავადება, სასტუმროების სესხები-სუბსიდირება, ქონების გადასახადის გაუქმება, ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა და სხვა (ანტიკრიზისული გეგმის მიმოხილვა, 2021 გვ.16).
• სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების მიუხედავად, ტურიზმის სექტორში შეიმჩნეოდა კადრების გადინების ტენდენცია. „2020 წელს, აღნიშნულ სექტორში მთლიანი დასაქმების მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით“ (თიბისი, 2021, გვ 10).
გამოვლენილი თავისებურებების საფუძველზე, განზოგადებულად შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის ბიზნესის შენარჩუნებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა დახმარებებმა, სასტუმროების ალტერნატიული გამოყენების პოტენციალის ათვისებამ და გარკვეულწილად - ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურებამ ძირითადად გარეუბნებსა და მთიან რეგიონებში. ამასთან, ტურიზმმა განიცადა ყველაზე დიდი ზარალი, რაც ადეკვატურად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე.

„სანქციების“ დაწესების პერიოდი

„სანქციების“ დაწესების პერიოდი დაიწყო 2022 წლის გაზაფხულიდან (EU sanctions against Russia explained, 2022; Global impact of the war in Ukraine, 2022 ), რამაც ტურიზმის განვითარების პირობები საგრძნობლად შეცვალა.
2021 წლის აპრილიდან, დაიწყო ტურიზმის გლობალური აღორძინება, მათ შორის საქართველოში. წინა კრიზისული პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ადგილი ჰქონდა ტურისტთა რაოდენობის რადიკალურ შემცირებას, „სანქციების“ ამოქმედება მიმდინარეობს ტურისტთა რაოდენობის შედარებით სწრაფი ზრდის ფონზე (იხ. ნახ.2). ამასთან, მოგზაურთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამოწვევები ჩანაცვლდა ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემებით ომში ჩართული ქვეყნებში, დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაართულა სატვირთო გადაზიდვები, განსხვავებით წინა პერიოდისგან, როცა უფრო პრობლემური იყი მგზავრთა ტრანსპორტირება, მნიშვნელოვნად გართულდა ენერგომომარაგების პრობლემები.
ასევე აღსანიშნავია, რომ „სანქციების“ პერიოდის დაწყება ვლინდება წინა კრიზისით გამოწვეული გადაუჭრელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, როგორიცაა ტურისტული ბიზნესიდან კადრების გადინება, კომპანიების მიერ კრედიტების დაფარვა, ტურისტთა ხარჯუნარიანობის დაქვეითება და სხვა.
ტურიზმის განვითარების პირობების შეცვლამ განაპირობა „სანქციების“ პერიოდის ანალიზის ჩატარება განსხვავებულ კრიტერიუმებით. კერძოდ, ყურადღება დაეთმო ვიზიტორების დინამიკას ომში ჩართული ქვეყნებიდან და ტურიზმთან ასოცირებული საკვანძო მაკროეკონომიკური ინდიკატორების ცვლილებებს.
პირველ ეტაპზე განხილულ იქნა ომში ჩართული ქვეყნებიდან - რუსეთიდან და უკრაინიდან ტურისტთა საქართველოში ვიზიტებისა და ამ ქვეყნებიდან ფინანსური გზავნილების დინამიკა ომის დაწყებიდან. ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ ვიზიტორების რაოდენობის უჩვეულო და მოკლევადიან პიკურ ზრდას წინ უსწრებდა ამავე ქვეყნებიდან თანხების გზავნილების ასევე უჩვეულო პიკური ზრდა. (იხ.ნახ.3)

ნახაზი 3

რუსეთიდან გზავნილების საშუალოთვიური რაოდენობა აპრილ-ივნისის პიკურ პერიოდში აღემატებოდა 226 მლნ დოლარს, როდესაც იმავე პერიოდის მაჩვენებელი 2021 წელს იყო სულ 35 მლნ დოლარზე ნაკლები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ ვიზიტორთა ზრდის პიკი ფიქსირდება მხოლოდ მომდევნო მაისი-ივლისის პერიოდში. საშუალოთვიური მაჩვენებელი ამაღლდა 100 ათასამდე, როცა წინა წილის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 17 ათასზე ნაკლები. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადმორიცხვების იმპულსური ზრდა მალე შეჩერდა და დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს. მსგავსი პიკური დინამიკით ხასიათდება უკრაინის სეგმენტიც.
გამოვლენილი თავისებურებები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში ვიზიტორების იმპულსური ზრდა ამ ქვეყნებიდან ხშირად არის განპირობებულია უფრო საკუთარი ქვეყნიდან გასვლის მოტივაციით, ვიდრე მოგზაურობის ქვეყნის მიმზიდველობით. ეს გარემოება გასათვალისწინებელია ტურიზმის მდგრადი განვითარების პოზიციებიდან.
გამოვლენილი ფენომენი იმსახურებს ყურადღებას, რადგან უკრაინისა და განსაკუთრებით რუსეთის სეგმენტს მნიშნელოვანი წილი უკავია საქართველოს უცხოური ტურიზმის ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს განხილული მონაცემების გათვალისწინების მნიშვნელობას. 2021 წელს და 2022 წლის პირველ 6 თვეში ამ ორი ქვეყნის ვიზიტორების წილი საერთო ტურისტთა რაოდენობის 21-22%-ს შეადგენდა რა მაჩვენებლითაც შედიან სეგმენტთა პირველ სამეულში, თურქეთთან ერთად. აქვე შევნიშნავთ, რომ მსგავსი დინამიკით გამოირჩევა ბელორუსის სეგმენტიც, თუმცა, მათი წილი ამ პროცესებში ნაკლებია და შეადგენდა უცხოელი ვიზიტორების მხოლოდ 3.1%-ს 2021 წელს და 4.6%-ს 2022 წლის პირველ ნახევარში. ბელარუსის წილი მთლიან ფულად გზავნილებაში არის 1%-ზე ნაკლები. აღნიშნულ სამი ქვეყნის ფულადმა გადმორიცხვებმა ჯამში, 2022 წლის პირველ ნახევარში საერთო გადმორიცხვების 58% შეადგინა, რაც მათ მნიშვნელობაზე მიუთითებს (იხ.ნახ.4).

ანალიზის მეორე ეტაპზე აღნიშნული უცხოური ფულადი გზავნილები შევადარეთ ქვეყანაში ინფლაციისა და გაცვლითი კურსის ცვალებადობებთან იმ ვარაუდით, რომ ამ ცვლადებს შორის არის გარკვეული კავშირი. კერძოდ, ჩატარებული შედარებითი ანალიზები საშულებას იძლევა ვიფიქროთ, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში ვიზიტორების მიერ წინასწარმა გზავნილებმა და მათი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ადგილზე გაწეულმა სამომხმარებლო ხარჯებმა სტიმულირება გაუწია, ერთი მხრივ გლობალური პროცესებით განპირობებულ ინფლაციის ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, გაცვლითი კურსის დასტაბილურებას განხილულ პერიოდში.
მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ჩარიცხვების სწრაფი ზრდა მიმდინარეობდა ინფლაციის ზრდის პარალელურად, ხოლო გაცვლითი კურსი გამოირჩევა შედარებითი სტაბილურობით (იხ.ნახ.5ა,ბ).

ნახაზი 5

აღნიშნული ორი ეტაპის ანალიზის შედეგები გვიჩვენებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, ამ ქვეყნებიდან მკვეთრად და მოკლე პერიოდით მატულობს ფულადი გზავნილები, რასაც ერთი თვის მოგვიანებით მოჰყვება ამავე ქვეყნიდან ვიზიტორების მსგავსი მკვეთრი და მოკლევადიანი ვიზიტების იმპულსური ზრდა. მათი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ადგილზე გაწეულმა სამომხმარებლო ხარჯებმა სტიმულირება გაუწია, ერთი მხრივ, გლობალურად და მათ შორის საქართველოში მიმდინარე ინფლაციის ზრდის პროცესს (IMF, 2022; GNB, 2022), ხოლო მეორე მხრივ, ამ ვიზიტორთა მოთხოვნის ზრდამ ადგილობრივ ვალუტაზე, თავისი როლი ითამაშა გაცვლითი კურსის დასტაბილურებაში.

დასკვნა

წარმოდგენილი დასკვნები ასახავს ტურიზმის ბიზნესის მდგრადი განვითრების საკვანძო გამოწვევებს მიმდინარე ეტაპზე.
რუსეთიდან, უკრაინიდან, ასევე ბელარუსიდან ფულადი გზავნილების იმპულსური ზრდა, რომელსაც 1 თვეში მოჰყვა ამავე ქვეყნებიდან ვიზიტორების მსგავსი იმპულსური მატება, არ არის დამახასიათებელი საერთაშირისო ტურიზმისათვის. ის მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ეს ვიზიტები მნიშვნელოვნად არის გამოწვეული ქვეყნიდან გასვლის მოტივაციებით და ნაკლებად - საქართველოს ტურისტული მიმზიდველობით. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება მათი ტურისტული ვიზიტის სტატუსი, ხარჯვითუნარიანობა, ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობა, სარგებლობა სასტუმროებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით, სატრანსპორტო და სხვა მომსახურებით, რაც განაპირობებს ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის მდგრადობას. განხილული სეგმენტების როლისა და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობის ერთობლივი გათვალისწინება, განაპირობებს ამ ფენომენის სიღრმისეული კვლევის გაგრძელებას და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირების აქტუალურობას, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის, ასევე ზოგადად, ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიზნებისათვის.
კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის კრიზისის აქტიური ფაზის დასრულების შემდგომ, ტურისტთა რაოდენობის შედარებით სწრაფი ზრდა საქართველოში არ არის მხოლოდ ტურიზმის ბიზნესის გააქტიურების დამსახურება. ამ პროცესში მნიშნელოვან როლს ასრულებს ომში ჩართული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების ზრდა, რომელთა ნაწილის მოგზაურობა გაპირობებულია ქვეყნიდან გასვლის სურვილით და მათი ტურისტული სტატუსი (ეკონომიკურ და სტატისტიკურ კონტექსტში) არ არის ერთმნიშვნელოვნად გამოვლენილი. ეს პროცესი კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ტურისტული ბაზრის გაფართოვების, ტურისტული მომსახურების მიმზიდველობის, კონკურენტული უპირატესობების გამოვლენისა და გამოყენების, ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიის ქვეყნის ეკონომიკის რაციონალური დივერსიფიცირებისათვის გამოყენების სტრატეგიულ მიზნებს.

ელექტრონული წყაროები:
• ანტიკრიზისული გეგმის მიმოხილვა, (2021). IDFI,2021, European Union for Georgia. EU). (https://idfi.ge/public/upload/EU/Final%20-%20overview_of_the_anti-crisis_plan.pdf
• თეთვაძე მ. (2021) კორონომიკური კრიზისი და გლობალური ეკონომიკის ზომბირების. საფრთხე. https://www.researchgate.net/publication/352030724_The_Coronomic_Crisis_and_the_Threat_of_Zombie-ing_of_the_Global_Economy_ koronomikuri_krizisi_da_globaluri_ekonomikis_zombirebis_saprtkhe
• მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილება და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები. (2022) IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია rb.gy/drpqbx
• პაპავა ვ. (2020) კორონომიკა და ეკონომიკა კრიზისის წინაშე. Global Financial and Economic Crisis. FPR.GE. https://www.researchgate.net/publication/340082329_koronomika_da_ekonomika_krizisis_tsinashe)
• ტურიზმი აღდგენის გზაზე. თბილისი კაპიტალი (2021). დეკემბერი 2021 წ. https://static.tbccapital.ge/uploads/files/TBCCapital_Tourism-FullReport-GEO.pdf?v=1
• EU sanctions against Russia explained. (2022) How and When the EU Adopts Sanctions. European Council, Council of the European Union. https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/restrictive-measures-against-russia-over-ukraine/sanctions-against-russia-explained/ . (last accessed September 16, 2022);
• IMF. The Great Lockdown Through a Global Lens. Financial Crisis. https://www.imf.org/en/Blogs/Articles/2020/06/16/blog061619-the-great-lockdown-through-a-global-lens
• Global impact of the war in Ukraine: Billions of people face the greatest cost-of-living crisis in a generation. (2022). UN Global Crisis Response Group on Food, Energy and Finance. UN, June 8, 2022. file:///C:/Users/Administrator/Downloads/GCRG_2nd-Brief_Jun8_2022_FINAL.pdf
• Global Market Intelligence, (2022) S&P https://www.spglobal.com/marketintelligence/en/news-insights/blog/industries-most-and-least-impacted-by-covid-19-from-a-probability-of-default-perspective-january-2022-update. 11/02/2022. (last accessed September 16, 2022);
• https.geostat.ge. (last accessed September 16, 2022);
• https. gnta.ge (last accessed September 16, 2022);
• GNA,(2020) https://ghn.ge/news/242741-mariam-kvrivishvilma-sastumro 09.04.2020. (last accessed September 16, 2022);
• IMF. Georgia. https://www.imf.org/external/datamapper/profile/GEO.(last accessed September 16, 2022);
• Khondker H. H.. (2005) Globalisation to Glocalisation: A Conceptual Exploration. https://www.researchgate.net/publication/277171100_Globalisation_to_Glocalisation_A_Conceptual_Exploration
• NBG. https://nbg.gov.ge/en/media/news/imf-report-positively-assesses-the-measures-of-the-nbg-with-regards-to-getting-close-to-th (last accessed September 16, 2022);
• Papava V. (2022a). On the supply-chainflation. https://dspace.tsu.ge/handle/123456789/1406
• Papava V. (2022b) On Sanctionomics and the Externalities of Economic Sanctions. Bulleting on the Georgian National Academy of Sciences. .16, #2. 16.08.2022. http://science.org.ge/bnas/vol-16-2.html
• Papava V. Chkuaseli M. (2021) . Coronomics, Financial support for the Economy and its Zombie-ing (In the Context of the Fifth Factor of Production). Finance: Theory and Practice. 2021;25(5):6-23. DOI: 10.26794/2587-5671-2021-25-5-6-23. 18 Pages Posted: 31 Jan 2022. Date Written: November 18, 2021. . https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3966442
Sustainable Development, UNWTO. https://www.unwto.org/sustainable-development) (last accessed September 16, 2022);
• Travel and Tourism Economic Impact. (2022) WTTC. https://wttc.org/Portals/0/Documents/Reports/2022/EIR2022-Global%20Trends.pdf
• World Bank. Inflation, consumer prices. https://data.worldbank.org/indicator/FP.CPI.TOTL.ZG?locations=GE.
(last accessed September 16, 2022);
• World Bank. War in the Region. Europe and Central Asia Economic Update. https://www.worldbank.org/en/region/eca/publication/europe-and-central-asia-economic-update. (last accessed September 16, 2022);

Keywords: Georgia, foreign tourism, pandemic, sanctions, crisis, sustainable development
JEL Codes: L83, Q01, Q02